გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონება სხვა პირებზე გადადის კანონით ან ანდერძით. მოანდერძე არის ისეთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი
პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია განსაჯოს თავისი ქმედება და გამოავლინოს
ნება. მოანდერძე თავად ადგენს ანდერძს.
კანონით მემკვიდრეობისას მემკვიდრეებს შეიძლება წარმოადგენდნენ ის პირები, რომლებიც
ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის და ასევე მამკვიდრებლის შვილები,
რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან. რაც შეეხება ანდერძით მემკვიდრეს, იგი არის პირი, რომელიც
იღებს მამკვიდრებლის მთლიან ქონებას ან მის ნაწილს და იგი ცოცხალი იყო მამკვიდრებლის
სიკვდილის მომენტისათვის, ან ჩაისახა მამკვიდრებლის სიცოცხლეში და დაიბადა მისი გარდაცვალების
შემდეგ.
სამკვიდრო
იხსნება მაშინ, როცა
პირი გარდაიცვლება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადდება. სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა მამკვიდრებლის
საცხოვრებელი ადგილი. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ადგილი ცნობილი არ არის — სამკვიდროს
ადგილსამყოფელი. მაგალითად, პირის ქონება, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს ქუთაისში და
ვერ დაადგინეს მისი ზუსტი საცხოვრებელი, მდებარეობს ბათუმში. სამკვიდროს გახსნის ადგილად
სწორედ ბათუმი ჩაითვლება.
სამკვიდროს მიღების ვადა არის 6 თვე. შესაბამისად, პირმა, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში
უნდა მიიღოს მემკვიდრეობა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოს მიერ, თუ ვადის
გადაცილებისთვის საპატიო მიზეზი არსებობს ან თუ სხვა მემკვიდრეები წინააღმდეგი არ არიან,
ვადაგადაცილების შემთხვევაშიც შეიძლება მიიღოს პირმა მემკვიდრეობა.
პირადი ხასიათის
უფლება-მოვალეობები მემკვიდრეობით
არ გადაეცემა. აღნიშნული გულისხმობს, ისეთ უფლება-მოვალეობებს, რომელიც უშუალოდ არის
დაკავშირებული მამკვიდრებელთან. მაგალითად, თუ მამკვიდრებელი სოციალურ დახმარებას იღებს
ან თუნდაც სხვისი რჩენის ვალდებულება გააჩნია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ანდერძში
მითითებულია ასეთ პირთა შესახებ).
კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში აღსანიშნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით,
მემკვიდრეობა შეიძლება ჩამოერთვას მეუღლეს, რომელსაც მინიმუმ სამი წელია ფაქტობრივად
შეწყვეტილი აქვს ქორწინება მამკვიდრებელთან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ მეუღლეები.
რაც შეეხება უმკვიდრო
ქონებას, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა
მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, ან/და, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის
უფლება, ქონება გადადის სახელმწიფოზე. უმკვიდრო ქონებად ითვლება ანდერძით გაუთვალისწინებელი
ის ქონება, რომელსაც ვერავინ მიიღებს მაშინ, როდესაც კანონიერი მემკვიდრე არ არსებობს.
იმ შემთხვევაში თუ მამკვიდრებელი სოციალური დაცვის რომელიმე დაწესებულების რჩენაზე
იმყოფებოდა (მაგ. მოხუცთა თავშესაფარი), მაშინ ქონება გადადის ასეთი დაწესებულების
საკუთრებაში. რაც შეეხება წილს, აქციას ან პაის, იგი მემკვიდრეობით გადადის სამეწარმეო
საზოგადოების ან კოოპერატივის ხელში.
ნინო ბერიძე